ლურჯი ვეშაპის ანატომია

კიბერბულინგი
არის ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ ციფრული კომუნიკაციის საშუალებით (მობილური ტელეფონი, ტაბლეტი, კომპიუტერი, ინტერნეტი და ა.შ.) სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დამცირება, მათ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, პერსონალური მონაცემების არანებაყოფლობითი გამჟღავნება, დაცინვა, ადევნება, შეურაცხყოფა, შევიწროება, ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, დაშინება, რაც მის/მათ გულისტკენას, გაბრაზებას, შეშინებას და/ან წყენას იწვევს.





ცოტა ხნის წინ გაერთიანებული სამეფოს ქალაქ გრიმსბის ტოლბარის აკადემიის მოსწავლეების მშობლებმა ფოსტით მიიღეს სკოლის ადმინისტრაციისგან გაფრთხილება: "შეგახსენებთ, აკონტროლეთ თქვენი შვილის ონლაინ აქტივობები. პოლიციისაგან ცნობა მივიღეთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენს რეგიონში ზრდასრული მამაკაცი ეკონტაქტება სოციალური ქსელების მეშვეობით, კონკრეტულად კი სნაპჩატით. მისი გზავნილები არის სრულიად მიუღებელი მათი ასაკისათვის. ეს ადამიანი ცდილობს შეხვედრების დანიშვნასაც."



ამას წერილში მოჰყვება გაფრთხილებები, თუ როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები მსგავსი საფრთხეებისაგან. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
დიდ ბრიტანეთში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია მოქალაქეებს და განსაკუთრებით ოჯახებს, სადაც მოზარდები ცხოვრობენ, სიფრთხილისკენ მოუწოდებს ონლაინ სივრცის გამოყენებისას.
2017 წლის აპრილში პოლიციამ ასევე გააფრთხილა ესექსის, ჰერტფორშირის, კემბრიჯშირის მცხოვრებლები და მოუწოდა, მოზარდების მშობლებს შვილების ინტერნეტ-სივრცის კონტროლისაკენ. ამ დროს უკვე საუბარი იყო ისეთ თამაშზე, რომელსაც სუიციდამდე მიჰყავს თინეიჯერის ასაკის მოზარდები. თამაში უკავშირდება სოციალურ ქსელებს და სავარაუდოდ, არის ე.წ. "ლურჯი ვეშაპი."



რა არის "ლურჯი ვეშაპი"?
"ლურჯი ვეშაპი" კიბერბულინგის სახეობაა, თამაშ - გამოწვევა, რომლის დროსაც კიბერბულინგის გამტარებელი უკავშირდება მსხვერპლს ინტერნეტ-საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით და, საბოლოოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების შანტაჟით და ახლობლების დაზიანების მუქარით მსხვერპლი სუიციდამდე მიჰყავს.
სამიზნე ასაკი: 12-16 წელი
როდესაც საუბარია ინტერნეტ სივრცეზე, პირველი აზრი, რაც თავში მოსდით ადამიანებს, არის ის, რომ შესაძლოა, ეს იყოს გარკვეული კომპიუტერული პროგრამა, ე.წ. სოფტვეარი, ან ვებ-საიტი, რომელზეც განთავსებულია თამაში. თუმცა ეს ასე არ არის. მას ნამდვილად აქვს კონკრეტული მატრიცა, არა კომპიუტერული, არამედ მოქმედების კონკრეტული სქემა, რაც სრულიად არ საჭიროებს პროგრამულ მხარდაჭერას და ნამდვილად განსხვავდება იმ უწყინარი თამაშისაგან, რომელსაც ამ სახელწოდების ვებ-გვერდზე ნახავთ.

თამაშის აღწერა
კიბერბულინგის გამტარებელი პირი უკავშირდება მოზარდს. შესაძლოა, მოზარდი თავადვე იწვევდეს ე.წ. "კურატორს" და სოციალურ ქსელებში ( ინსტაგრამი, ტვიტერი, ფეისბუკი, ვკონტაკტე და სხვა), რისთვისაც ავრცელებს სხვადასხვა კონტენტს შესაბამისი ჰეშთეგებით, რომლებიც მათთვის არის ცნობილი, მაგალითად: #bluewhalechallenge, #bluewhale, #bluewhalechallengegame, #F57, #тихий дом, #морекитов #хочувигру, f58, #4:20 და სხვა.

დაკავშირება, როგორც წესი, ხდება ღამით და ყველაზე გავრცელებული დრო არის ზუსტად შერჩეული 4:20წთ, როდესაც მოზარდის ფსიქიკის დაზიანება ყველაზე მარტივად შეიძლება. დაკავშირება იწყება დავალების მიცემით, რომელიც პირველ შემთხვევაში, უმნიშვნელოა და შეიძლება იყოს თუნდაც კონკრეტულ დროს გაღვიძება. ყოველდღიურად დავალებები რთულდება, მოზარდის ფსიქიკა ღამეების თენების შედეგად ზიანდება და მის მიმართ განხორციელებული შანტაჟი, ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა მისთვის სრულიად რეალური ხდება. პირი მას ემუქრება პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებით, რომელიც მას რეალურად ან აქვს, ან არ აქვს. ან არის ძალიან უმნიშნელო. ასევე ემუქრება ახლობელი ადამიანების დაზიანებით.

დავალებების რაოდენობა ჯამში არის 50 და სრულდება უკვე სრულიად ფსიქიკამოშლილი მოზარდისათვის მიცემული დავალებით; გადმოხტეს მაღალი სართულიდან.

თამაშ-გამოწვევა შეიცავს დოქსინგის ელემენტებს, რაც გულისხმობს ობიექტის ნებართვის გარეშე ინტერნეტში არსებული ინფორმაციის შეგროვებასა და გამოქვეყნებას ან მუქარას.















სოციალური ქსელი "ინსტაგრამი" ლურჯი ვეშაპის სახიფათო ჰეშთეგის ძიებისას გვაფრთხილებს, რომ ჩვენს მიერ მოძებნილი კონტენტი ან თაგები შესაძლოა დამაზიანებელი იყოს და ამასთან, გვთავაზობს დახმარებას.

"მსხვერპლს უქმნიან განცდას თითქოს დაკონტაქტების მომენტიდან მისი კომპიუტერი დავირუსებულია მალვეარით, აქვთ თითქოსდა მასზე წვდომა და იღებენ გარკვეულ სენსიტიურ ინფორმაციას. სინამდვილეში ეს ინფორმაცია მიღებულია თვითონ მსხვერპლისგან თავისივე სოციალური ქსელიდან.
...ძალიან მნიშვნელოვანია აქ ახალგაზრდამ იცოდეს რომ თამაშში ჩართვა და იქიდან გამოსვლა ყოველთვის არის მსხვერპლის პრეროგატივა. არანაირი გაჩერების საშუალება არ არსებობს: როგორც კი ვიტყვით რომ მე შენი არ მეშინია, თამაში დასრულებულია".
ანდრო გოცირიძე
ანდრო გოცირიძე
კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი

საქართველოში სუიციდ-თამაში "ლურჯი ვეშაპი" 2017 წლიდან გამოჩნდა. მას დაუკავშირეს რამდენიმე მოზარდის თვითვმკვლელობა
(სიმაღლიდან გადმოხტომით) და თვითმკვლელობის
მცდელობა. 13 წლის ელენეს დედა ნანა ბერძენიშვილი
დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სწორედ ამ თამაშის
მსხვერპლი გახდა. გამოძიება ჯერ კიდევ
მიმდინარეობს სისხლის სამართლის 115-ე მუხლით,
თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის
14 ოქტომბრის განცხდებით, "ქართულ ინტერნეტ სივრცეში
ე.წ. ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური
ფაქტი არ დადასტურებულა."
ნანა ბერძენიშვილი
მშობელი


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, "ფოკუს ჯგუფებში მუშაობისას გამოვლინდა, რომ კიბერ ბულინგის შემთხვევები საერთოდ არ აღიქმება ძალადობად. ამგვარი ძალადობის იდენტიფიცირების დონე ძალზე დაბალია როგორც უფროსებში, ისე მოსწავლეებში." ამასთან, 2017 წელს გაიზარდა არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის შემთხვევათა რაოდენობა; არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით, სსკ 115-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 36 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სუიციდის 9 და სუიციდის მცდელობის 27 შემთხვევაზე. 741 გასულ წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაიზრდა 20 %-ით742 .
ამ საკითხზე მუშაობისას ლოგიკურია დავინტერესდი საქართველოში "ლურჯი ვეშაპის" თამაშის შედეგად მსხვერპლის რა მაჩვენებელი არსებობდა.
შსს-სგან მოზარდების მიმართ განხორციელებული კიბერბულინგის ოდენობაზე მიმართვისას, აღმოჩნდა, რომ მსგავსი სტატისტიკა არ იწარმოება, ამასთან, არ მუშავდება ინფორმაცია კიბერბულინგის ან ბულინგის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანის სტატისტიკის შესახებ, რადგანაც მათი პასუხის თანახმად, "მიუხლების საფუძველზე და არა გარემოებათა მიხედვით ხდება დანაშაულის აღრიცხვა."
დავით ანდღულაძე
ფსიქოლოგი

თამაშის შექმნის ისტორია

თამაშის იდეა 2013 წლიდან შემუშავდა და 2016 წლიდან უკვე ისეთ მოქმედებაში მოვიდა, რომ მას რუსეთში 130 მოზარდის თვითმკვლელობა დაუკავშირეს. ავტორი ფსიქოლოგი ფილიპ ბუდეიკინია, რომლის მიზანიც, როგორც თავად აღნიშნა, "საზოგადოების გაწმენდა იმ ადამიანებისაგან, რომელთაც არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ."


მსოფლიოში გუგლ ტრენდის მონაცემებით, ლურჯი ვეშაპისადმი ინტერესი 2017 წლიდან იწყება და პიკს აღწევს აგვისტო-სექტემბერში
საქართველოში თამაშ-გამოწვევა "ლურჯი ვეშაპისადმი" ინტერესი განსაკუთრებით მაღალი 2017 წლის მაისი-ივნისის თვეში იყო.
გამოწვევის ანკეტა
არსებობს მტკიცება, რომ "ლურჯი ვეშაპის" ადმინისტრატორების ყურადღების მიპყრობა სოციალური ქსელის გარეშეც შეიძლება. ამ მტკიცების კვალდაკვალ გადავწყვიტე მომეძებნა ვებ-გვერდი, რომლიდანაც, როგორც ამბობენ, შესაძლებელია მოთხოვნის გაგზავნა.
დიდი ძიების შემდეგ ვებ-გვერდი ვიპოვე და გავუგზავნე კიდეც დაკავშირების მოთხოვნა ადმინისტრატორებს, მივიღე ელ.ფოსტით შეტყობინება, რომ ამ ქსელიდან მალე შემეხმიანებოდნენ, თუმცა არავინ შემხმიანებია ჯერ-ჯერობით.

გადავწყვიტე გადამემოწმებინა კონკრეტული ვებ-გვერდი, თუ სად არის დარეგისტრირებული. Scam adviser-ის ცნობით, ვებ-გვერდის დომეინი არის ინდოეთში განთავსებული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის წარმოადგენს სუბ-დომეინს (შვილობილ დომეინს), რეალური ინფორმაციის მიღება კონკრეტული გვერდის შესახებ, შეუძლებელია.



დიდი ბრიტანეთის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული გაფრთხილება .

" ლურჯი ვეშაპის" შემდეგ ახალი სახიფათო ონლაინ თამაში, სახელწოდებით "მომო" გამოჩნდა, რომელიც პირველად არგენტინაში გავრცელდა..
მექსიკის პოლიციის ინფორმაციით, თავდაპირველად, თამაში "მომო" ფეისბუქ ჯგუფში დაიწყო და მისი იდეა უცხო ტელეფონის ნომრებთან დაკავშირება იყო. შემდგომ თამაშმა WhatsApp-ში გადაინაცვლა, რომელიც პირად ინფორმაციას უფრო უფრთხილდება და შესაბამისად, შეტყობინებების ავტორის პოვნა რთულია." მომოს" თამაში ისეთივე საფრთხის შემცველია, როგორც "ლურჯი ვეშაპი", რადგან მისი საბოლოო მიზანიც მსხვერპლის თვითმკველობამდე მიყვანაა.

პროექტის ავტორი: მარიამ ტაბატაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website